Sponsored Content

USAID YES-Georgia -საშობაო სუფრისა და ქართული მასპინძლობის კულტურა პროგრამის ბენეფიციართა საქმიანობაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საახალწლო-საშობაო სუფრას ქართულ სტუმარ-მასპინძლობის კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ამბობენ, რომ როგორც შევხვდებით ახალ წელს, მთლიან წელიწადსაც ისე გავატარებთო, ამიტომ ყველა ოჯახში ამ დღესასწაულს გამორჩეულად საზეიმო განწყობით აღნიშნავენ. კერძების მრავალფეროვანი ნაირსახეობა, ღვინო, ტკბილეული, პურ-ფუნთუშეული და რაც მთავარია, თბილი, ოჯახური ატმოსფერო, შობა-ახალ წელს ყველასათვის საყვარელ დღესასწაულად აქცევს.

მიუხედავად იმისა, რომ საშობაო უქმეებმა უკვე ჩაიარა და ყველანი აქტიურ სამუშაო რეჟიმს დავუბრუნდით, საინტერესო იქნება თვალი შევავლოთ, თუ როგორ შეხვდნენ შობა-ახალ წელს USAID-ის პროგრამა YES-Georgia-ს ბენეფიციარი მეწარმეები და რა სახის სიურპრიზები მოუმზადეს თავიანთ აუდიტორიას. ამისათვის, Entrepreneur წარმოგიდგენთ კვებისა და მასპინძლობის მიმართულებით მომუშავე მეწარმეებს, რომლებიც ამ დღესასწაულებისათვის განსაკუთრებული ენთუზიაზმით ემზადებოდნენ.

სოფი ჯოხაძე − "არაგვისპირის მარანი"

სოფი ჯოხაძე, პროგრამის ფარგლებში შექმნილი "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" მონაწილე და ბენეფიციარია, რომელმაც თავისი ბიზნესის გასაფართოებლად და წარმოებისათვის საჭირო ტექნიკის შესაძენად, პროგრამისაგან დაფინანსებაც მოიპოვა.

ტურიზმისა და ციფრული მარკეტინგის სპეციალისტ სოფი ჯოხაძის ოჯახმა მარნის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. პანდემიის დაწყების გამო, მალევე ოჯახს მშენებლობის შეჩერება მოუწია, თუმცა ამ დროს, სოფის გაუჩნდა იდეა, ოჯახური ბრენდით ისეთი პროდუქციის წარმოება დაეწყო, როგორებიცაა: გამომშრალი პომიდორი მთის სუნელებით, ჭაჭაში დავარგებული შავი ქლიავი, წითელი და მწვანე ახლად შეკმაზული ტყემალი და ა.შ.

წამოწყებამ გაამართლა. ჯოხაძეების პროდუქცია წარმატებით იყიდებოდა ონლაინ-არხების მეშვეობით და როდესაც პანდემია დასრულდა, განახლდა მარნის მშენებლობაც.

დღეს, "არაგვისპირის მარანი" აქტიურად მასპინძლობს ადგილობრივ თუ უცხოელ სტუმრებს, სადაც მათ შესაძლებლობა აქვს დააგემოვნონ ბრენდის პროდუქცია, ღვინო და ღამე გაათენონ სასტუმრო ნომრებში.

რაც შეეხება საშობაო სამზადისს, "არაგვისპირის მარანმა" 7 იანვარს საგანგებოდ დაგეგმილ ვახშამს უმასპინძლა, რომელიც აერთიანებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის გასტრონომიულ მარგალიტებს და მასპინძელი ოჯახის ხედვით შექმნილ კერძებს, მათივე ღვინის თანხლებით. "ზოგიერთ კერძში სხვადასხვა კუთხის ტრადიციებიც გავაერთიანეთ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოვიდა. მინდა გამოვყო სტუმრები, რომლებიც დიდი ხანია უცხოეთში ცხოვრობენ და აღნიშნეს, რომ მათთვის ეს ნამდვილად ჯადოსნური მოგზაურობა იყო", − გვიამბობს სოფი.

"არაგვისპირის მარანი" ასევე წარმოდგენილი იყო USAID-ის პროგრამების მიერ ორგანიზებულ საშობაო გამოფენა-ბაზრობაზე, სადაც მომხმარებლებს საკუთარი პროდუქტი გააცნეს და სხვა მეწარმეებთან ურთიერთობის შესაძლებლობა მიეცათ.

"ხშირად გავდივართ სხვადასხვა ფესტივალზე და ვაცნობთ ჩვენს პროდუქციას საზოგადოებას. ჩემი პროდუქტის მიმართ დაინტერესება ძალიან დიდი იყო. როდესაც სხვა ქვეყანაში მოგზაურობ, ყოველთვის გსურს თან წაიღო მოგონება იმ ქვეყნიდან და არც საქართველოში ჩამოსული სტუმარია გამონაკლისი. ამ მიმართულებით ჩვენი პროდუქტი საინტერესო აღმოჩნდა: ჭაჭაში დავარგებული ქლიავი, გამომშრალი პომიდორი მთის სუნელებით, ტყემალი და ღვინო სწორედ ის პროდუქტებია, რომლებიც მოგზაურებს საქართველოსთან ემოციურ ბმას უყალიბებს, რაც არაერთ ჩვენს სტუმარს აღუნიშნავს", − აცხადებს სოფი ჯოხაძე.

რაც შეეხება "არაგვისპირის მარნის" სამომავლო გეგმებს, ჯოხაძეების ოჯახი აპირებს კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააცნოს საკუთარი საქმიანობა და მარანი აქციოს სივრცედ, სადაც ყველა სტუმარი განსხვავებული კუთხით აღმოაჩენს საქართველოს, შეიყვარებს ამ ქვეყანას და მის ყველა სიკეთეს დაინახავს.

რუსუდან ქვარცხავა − არტიზანული პური "ჩვენი მაწიერი"

USAID YES-Georgia-ს Buzz-ელჩ რუსუდან ქვარცხავას არტიზანული პურის საოჯახო საწარმო "ჩვენი მაწიერი", პურს ცოცხალ საფუარზე და "ელკანას" წევრი ბიო-მეურნეობისგან მოწოდებული ქართული ენდემური ჯიშის ხორბლისგან − "წითელი დოლისა" და "ლომთაგორისგან" ამზადებს.

როგორც რუსუდანი გვიამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მის ოჯახში პური ყოველთვის ცხვებოდა, ცოცხალ საფუართან მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. პანდემიის დროს მან ამ ტექნოლოგიის გამოყენება სცადა და საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესის მიუხედავად, სასურველ მიზანს მაინც მიაღწია. რუსუდანი ამ ტრადიციულ ტექნოლოგიას თვეების განმავლობაში ეუფლებოდა და საკუთარ შეცდომებზე სწავლით, ისევე, როგორც გარშემომყოფების მხარში დგომით, მიიღო ჯანსაღი პროდუქტი, რომელიც ხალხმა შეიყვარა.

პროდუქციის რეალიზებას "ჩვენი მაწიერი" ძირითადად ბოლნისის რაიონსა და ქვეყნის მასშტაბით გამართულ გამოფენა-ბაზრობებზე ახორციელებს. ერთ-ერთი ასეთი იყო USAID-ის პროგრამების გამოფენა-ბაზრობა, სადაც არტიზანულმა პურმა საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

"ამ საქმიანობის დაწყების დღიდან შევიძინეთ ბევრი ერთგული მომხმარებელი, რომლებიც აღნიშნავენ ძალიან დიდ კმაყოფილებას. ჩვენი სეგმენტი მოიცავს ნებისმიერ ასაკს და კატეგორიას, მათ შორის ბავშვებს, რომლებიც ზუსტად და რეალურად აღწერენ გემოვნურ თვისებებს, რაც ყველაზე სასიხარულოა და დიდ სტიმულს გვძენს. გვყავს ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვთ, მაგალითად, დიაბეტით დაავადებულები, კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე ადამიანები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მათთვის ჩვენი პური სავსებით თავსებადი და უსაფრთხოა", − აღნიშნავს რუსუდანი.

რუსუდან ქვარცხავა საკუთარ ბიზნესზე სამომავლოდ დიდ იმედს ამყარებს. უპირველეს ყოვლისა, იგი ახლო მომავალში ტექნიკური აღჭურვილობის შეძენას გეგმავს, წარმოების მასშტაბის გასაზრდელად და ფართო სეგმენტზე გასასვლელად. მისი თქმით, "ჩვენი მაწიერის" მიზანია ჩამოყალიბდეს ისეთ საწარმოდ, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება მსგავს პროდუქტებთან, დაასაქმებს ადამიანებს და გააუმჯობესებს მათ ყოველდღიურ ყოფას. "აუცილებელია მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს დასახულ მიზნებს და საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ შეძლოს შეიძინოს, დააგემოვნოს ჩვენი პროდუქტი და იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე", − აცხადებს რუსუდან ქვარცხავა.

სანათა წიწუაშვილი − საოჯახო მარანი "ლაგვანი"

სანათა წიწუაშვილის, პროგრამის Buzz-კომპონენტის არჩეული ელჩის, ოჯახი, წლების განმავლობაში ფლობდა ვენახებს და აწარმოებდა ღვინოს ახმეტის რაიონში. 2017 წელს სანათას ინიციატივით, გაყიდული ყურძნის ფულითა და სესხით, ოჯახმა შეიძინა ქვევრები, ხოლო 2018 წელს დაიწყო მარნის მშენებლობა ყველა იმ სტანდარტის დაცვით, რომელსაც მცირე მარნის წარმოება უნდა აკმაყოფილებდეს. მან მალევე დაიქირავა პროფესიონალი მეღვინე და 2018 წელსვე მოახერხა ქვევრებში პირველი მოსავლის დაწურვა.

საოჯახო მარანი "ლაგვანი" ბიო, ეკოლოგიურად სუფთა ღვინოს აწარმოებს, რომელიც არ შეიცავს ქიმიკატებს და ბუნებრივი, ტრადიციული წესით მოყვანილი ყურძნით მზადდება. "ლაგვანის" ღვინო ქართული ტრადიციული მეთოდით 100%-ით ჭაჭა-კლერტზე 6-თვიანი დაძველებით დგება. ღვინო არ იფილტრება, არ ხდება არანაირი ქიმიური ჩარევა. ე.წ. პრესში გატარებული ღვინისგან სანათა ღვინის სპირტს ამზადებს.

"ლაგვანი" ორიენტირებულია მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებაზე და ხშირად იღებს მონაწილეობას გამოფენებსა თუ ფესტივალებში. ამ ეტაპზე, მარანი წარმოდგენილია ისეთი ქართული ჯიშებით, როგორებიცაა: კახური მწვანე, რქაწითელი, ქისი, საფერავი, მცვივანი, ორბელური ოჯალეში და პეტნატი. ღვინო ქვევრში ძველდება და 2 წლის შემდეგ ბოთლში ჩამოისხმება.

"ლაგვანი" აქტიურად მასპინძლობს სტუმრებს როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათთვის ტარდება მასტერკლასები, ცხვება პური, ეცნობიან ქართულ კულინარიას, აწყობენ ღვინის დეგუსტაციას, რომელსაც პროფესიონალი მეღვინე უძღვება. მარანი ასევე რეგულარულად ატარებს პოეზიის საღამოებსა და გამოფენებს, ხოლო მიმდინარე წლის 27 იანვარს დაგეგმილია მარიამ ხუცურაულის წიგნის პრეზენტაცია.

"ახალ წელს განსაკუთრებული ხალისით შევხვდით. დავაანონსე ნაძვის ხის მორთვა, სადაც ნებისმიერ ახმეტელს შეეძლო სტუმრად მოსვლა და ნაძვის ხის მორთვაში მონაწილეობის მიღება, ისევე, როგორც ღვინის, ჩაისა თუ სხვა უამრავი ნუგბარის დაგემოვნება. ცხადია, ეს ყველაფერი − უსასყიდლოდ. მივიღე რამდენიმე საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობა. ასევე, პროდუქცია მოხუცთა თავშესაფარშიც გავაგზავნე, სადაც განხორციელდა საშობაო კალათში დამატება და ღვინის გაყიდვა. მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთში ჩატარდება საქართველოს დღეები, სადაც ჩემი ღვინოც იქნება წარმოდგენილი", − აცხადებს სანათა წიწუაშვილი.

"ლაგვანის" მარანი მიმდინარე წლის თებერვლიდან კაფეს გახსნას გეგმავს, რომელიც სტუმრებს დილის 8 საათიდან ღამის 11 საათამდე უმასპინძლებს და სანათას თქმით, საყვარელი ადგილი გახდება როგორც ახმეტელებისათვის, ისე ნებისმიერი სხვა სტუმრისთვის. გარდა ამისა, "ლაგვანის" მარანი უკვე ფლობს ბიო-წარმოების დამადასტურებელ ყველა საჭირო სერტიფიკატს და მზადაა პროდუქციის ექსპორტზე გასატანად.

ლოლა ჭელიძე − Lola's sweets

ლოლა ჭელიძე პროგრამის Buzz-ელჩია, რომელმაც აფხაზეთიდან იძულებითი დევნილობის შემდეგ, 1993 წლიდან ხელი მიჰყო კონდიტერიას და სახლის პირობებში სხვადასხვა ტკბილეულს ამზადებდა.

პროფესიულად კი, მან ეს საქმიანობა 2018 წლიდან დაიწყო, როდესაც გამოფენა-გაყიდვებზეც წარდგა საზოგადოების წინაშე და საკუთარი ბრენდი − Lola's sweets ჩამოაყალიბა.

დღესდღეობით, Lola's sweets მომხმარებლებს პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს: დეკორატიული ორცხობილები წინასწარ შემუშავებული ან ინდივიდუალური (კლიენტის მიერ შემოთავაზებული) დიზაინით, სადღესასწაულო ტკბილეულის ნაკრებები და ა.შ.

"მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებია, რაც აქტიურად ვმონაწილეობ სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვაში, საახალწლო სოფლებში თუ საკვირაო ბაზრობებში, განსაკუთრებული მოთხოვნა ჩემს ნაწარმზე სწორედ პანდემიის დრო გაჩნდა. ამ პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა Lola's sweets-ის პროდუქციაზე ონლაინ-შეკვეთების რაოდენობა. მომხმარებლებს ვთავაზობდი მოსახატი ორცხობილების ნაკრებს, რამაც შესაბამისად, ჩემი ბრენდის ცნობადობის ზრდას ხელი შეუწყო", − აცხადებს ლოლა ჭელიძე, − "წინასაახალწლო პერიოდში მონაწილეობა მივიღე USAID-ის მიერ ორგანიზებულ გამოფენა-ბაზრობაშიც, რომელზეც წარმოდგენილი ვიყავი ჩემი თემატური პროდუქციით და ასევე, მქონდა ადგილზე ორცხობილებზე მოხატვის მასტერკლასი პატარებისთვის, ისევე, როგორც მოსახატი ნაკრებები, საშობაო სახლის ასაშენებელი ნაკრები და ა.შ."

ლოლა პროგრამის მოწვევით ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა თემატურ გამოფენაში. მისივე თქმით, USAID Yes-Georgia დაეხმარა მის ბრენდს ცნობადობის ამაღლებაში, რამაც ხელი შეუწყო ბიზნესის განვითარებას, ხოლო პროგრამის მიერ მიწოდებული კვალიფიციური ტრენინგები და მხარდაჭერა თითოეულ ბენეფიციარს ეხმარება პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში.

რაც შეეხება Lola's sweets-ის სამომავლო გეგმებს, ლოლას სურს საოჯახო ტიპის კაფეს გახსნა, სადაც მომხმარებლებს მის მიერ წარმოებულ პროდუქციას შესთავაზებს და პერიოდულად, ორცხობილების გაფორმების მასტერკლასებს გამართავს.

მარიამ ქევხიშვილი − "კახური ტრადიციული ჩურჩხელა"

მარიამ ქევხიშვილის კომპანია "კახური ტრადიციული ჩურჩხელა" ოფიციალურად რეგისტრირებულ საქმიანობას 2019 წლიდან ეწევა, თუმცა ოჯახური წარმოება ორი წლით ადრე − 2017 წელს იღებს სათავეს. ბრენდი ამ ეტაპზე ექვსი სახეობის პროდუქტს აწარმოებს: რქაწითლის ყურძნის წვენისგან დამზადებული ნიგვზისა და თხილის ჩურჩხელას, საფერავის ყურძნის წვენისგან დამზადებულ ნიგვზისა და თხილის ჩურჩხელას, რქაწითლის ყურძნის წვენისგან დამზადებულ ნუშის ჩურჩხელას და მთლიანი ლებნებით დამზადებულ ბურთულებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ "კახური ტრადიციული ჩურჩხელა" მხოლოდ კომპანიის კუთვნილი ვენახებიდან აღებული მოსავლით დამზადებული ბადაგით წარმოებს, რაც ბრენდს ხარისხისა და გემოვნური თვისებების კონტროლის შესაძლებლობებს უზრდის.

"აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენაში. ამ ეტაპზე უკვე ვგეგმავთ ჩვენი სტენდის განთავსებას რამდენიმე სავაჭრო ობიექტში, რათა მომხმარებელთა მხრიდან მზარდი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. საახალწლოდ, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებული მზადება გვქონდა კომპანიაში. ვინაიდან აღნიშნული პროდუქტი სწორედ ქართული ტრადიციული სუფრის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია, შესაბამისად იზრდება მოთხოვნა როგორც საცალო მიმართულებით, ასევე კორპორაციული შეკვეთების კუთხით. წელს საახალწლოდ დავიწყეთ ნუშის ჩურჩხელის და გოზინაყის წარმოება, რომელიც ასევე ჩვენი ნუშის პლანტაციების მოსავლით მზადდება", − აღნიშნავს მარიამი, − "კომპანია დღემდე მხოლოდ საკუთარი სახსრებით ვითარდება, შესაბამისად, არც ისე მარტივია ასეთ კონკურენტულ პროდუქტში ასეთი მცირე სახსრებითა და დროის მოკლე მონაკვეთში მომხმარებლის ყურადღების მიქცევა, თუმცა ამ მიმართულებაში დაგვეხმარა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტთან და ონლაინ-პლატფორმებთან ურთიერთობებიც".

როგორც პროგრამის Buzz-კომპონენტის ელჩმა, მარიამ ქევხიშვილმა გვიამბო, USAID Yes-Georgia-ს დახმარებით, იგი ხშირადაა ჩართული სხვადასხვა ტრენინგში, რომლებიც მას და მის ბრენდს განვითარების საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, პროექტის მონაწილე მეწარმეები, პროგრამის მიერ ორგანიზებულ გამოფენებზე ეცნობიან ერთმანეთს, უზიარებენ გამოცდილებას, რჩევებს და ერთიან კომუნას ქმნიან.

სამომავლოდ, "კახური ტრადიციული ჩურჩხელა" წარმოების ზრდასა და ხარისხის არსებული სტანდარტის შენარჩუნებას გეგმავს. ხოლო ადგილობრივ ბაზარზე თავის დამკვიდრების პარალელურად, ბრენდი უკვე მუშაობს პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე გატანის კუთხით.

მზია რამიშვილი − "ჩურიტოსი"

მიუხედავად იმისა, რომ მზია რამიშვილისა და მისი ქალიშვილების საოჯახო ბიზნესი − "ჩურიტოსი" ესპანური ტკბილეულის, ჩუროსის წარმოებაზეა ორიენტირებული, მან უკვე მოახერხა თბილისელებისათვის თავის შეყვარება და საკმაოდ პოპულარული საახალწლო ნუგბარი გახდა ადგილობრივ ბაზარზე, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა პროგრამის მიერ ორგანიზებულ საშობაო გამოფენაზე.

პროგრამის Buzz-კომპონენტის ელჩ მზია რამიშვილის თქმით, მისი საოჯახო ბიზნესი მან და მისმა ქალიშვილებმა 2017 წელს წამოიწყეს. ჩუროსი ესპანეთის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია და გავრცელებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, თუმცა უცნობი იყო ადგილობრივ ბაზარზე. ვიდეორეცეპტებით და საკუთარი კულინარიული გამოცდილებით, მზიამ ქალიშვილებთან ერთად ჩუროსის გემრიელი რეცეპტი შეიმუშავა და თბილისში, კერძოდ კი ვერაზე, პატარა ობიექტიც კი გახსნა.

"ვმუშაობდით დიდი სიყვარულით. ჩუროსი გავაცანით და შევაყვარეთ ბევრ ადამიანს, მაგრამ დავრწმუნდით, რომ "ჩურიტოსს" განვითარებისთვის ესაჭიროებოდა უკეთესი გარემო და გაფართოების მიზნით, ბიზნესი დროებით დავხურეთ. შემდეგ პანდემიამაც მოგვისწრო, ფინანსებიც ვერ მოვიპოვეთ და გაფართოება ვეღარ შევძელით. საქმიანობას ამ ეტაპზე თბილისურ ღონისძიებებში მონაწილეობით ვაგრძელებთ. ჩვენი ჩუროსი მოსწონთ არა მხოლოდ ჩვენს ძველ მომხმარებლებს, არამედ მათაც, ვინც პირველად სინჯავს ამ ტკბილეულს. გვყავს ბევრი ერთგული მომხმარებელი, რომლებიც მოუთმენლად ელიან ჩვენს გამოჩენას. თუკი ადრე ჩუროსი უცხო იყო მომხმარებლისთვის, ახლა როგორც ნაცნობ პროდუქტს, ისე კითხულობენ, რაც გვახარებს. ამაში დიდია "ჩურიტოსის" როლი. როგორც ღონისძიებების ორგანიზატორები ამბობენ, ჩუროსი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, რაც კიდევ უფრო გვიღრმავებს "ჩურიტოსის" გაფართოების სურვილს", − აცხადებს მზია რამიშვილი.

საახალწლოდ, "ჩურიტოსი" წარმოდგენილი იყო USAID-ის მიერ ორგანიზებულ გამოფენა-ბაზრობაზე დედაენის ბაღში, ისევე, როგორც საშობაო სოფელში, სადაც იგი მომხმარებლებს, ჩუროსის გარდა, ცხელი შოკოლადითა და საგანგებოდ დამატებული გლინტვაინით უმასპინძლდებოდა.

"ჩურიტოსი" მისი გამოჩენისთანავე კვების ობიექტების ქსელის შექმნაზე იყო ორიენტირებული, თუმცა რიგი მიზეზების გამო ამის განხორციელება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მიუხედავად დაბრკოლებებისა, მზია და მისი ქალიშვილები აგრძელებენ მუშაობას და დაგროვილი გამოცდილებითა თუ ერთგული მომხმარებლების აღიარებით, სულ მალე, ისინი ჩანაფიქრს აუცილებლად აისრულებენ.

პროგრამა USAID YES-Georgia (ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში) ხორციელდება ფონდ "კრისტალის" მიერ, USAID-ისა და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროგრამის მხარდაჭერით, 1700-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ტრენინგ-კურსები, მათ შორის 90-მა მიიღო სტარტაპ-დაფინანსება, ცოდნა და საკონსულტაციო მომსახურება ფინანსების, საბუღალტრო, საგადასახადო და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და დამოუკიდებელი საქმიანობის წარმართვის აუცილებელი წინაპირობაა. USAID-ის პროგრამა YES-Georgia 2015 წლიდან მოყოლებული, ხელს უწყობს ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის განვითარებას ქვეყანაში და ზრუნავს როგორც განათლებისა და ფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, ისე ბენეფიციართა საქმიანობის ცნობადობის ამაღლებაზე.