📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Facebook მორიგ სკანდალში გაეხვია მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელის ყოფილი თანამშრომელი Facebook-ს ხუთ ძირითად ბრალდებას უყენებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

4 ოქტომბერს Facebook-ისა და მის ქვეშ გაერთიანებული ყველა სოციალური პლატფორმის გათიშვამ, მილიარდობით მომხმარებელი რამდენიმე საათით ინფორმაციულ ვაკუუმში მოაქცია, თუმცა ამ გლობალური ქსელის შესახებ არანაკლებ საყურადღებო ინფორმაცია ვრცელდება. გასულ შაბათ-კვირას ყურადღების ეპიცენტრში ინფორმატორ ფრენსის ჰაუგენის Facebook-ის მიმართ წაყენებული ბრალდებები აღმოჩნდა, რამაც სრულად მოიცვა საინფორმაციო ველი „სილიკონ ველიდან" ვაშინგტონამდე.

ფრენსის ჰაუგენმა, რომელიც Facebook-ში პროდუქტების მენეჯერის თანამდებობას იკავებდა, 3 ოქტომბერს საბოლოოდ გაამხილა საკუთარი ვინაობა და აღიარა, რომ გიგანტი სოც.ქსელის ათასობით შიდა კვლევითი დოკუმენტი სწორედ მან გადასცა აშშ-ის კანონმდებლებს, მარეგულირებელ ორგანოებსა და მედიის საშუალებებს. მისი განცხადებით, ეს დოკუმენტები ცხადყოფს, თუ როგორ უმალავს Facebook საკუთარ მომხმარებლებს ინფორმაციას რისკის შესახებ და როგორ ახალისებს სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის გავრცელებას.

როგორც ჰაუგენი 60 Minutes-თან ინტერვიუში აცხადებს, იგი არაერთხელ გამხდარა ინტერესთა კონფლიქტის მომსწრე, სადაც სასწორის ერთ პინაზე Facebook-ის კეთილდღეობა, ხოლო მეორეზე − საზოგადოებრივი სიკეთე იდო და კომპანია წინა პლანზე ყოველთვის მაქსიმალური მოგების მიღებას აყენებდა.

გარდა ამისა, მან აღიარა რომ Wall Street Journal-ის გამოძიების სერიის მთავარი ინფორმატორი ის იყო და დოკუმენტები სახელად „ფეისბუქის ფაილები", სწორედ მან გადასცა გამოცემას.

37 წლის ფრენსისი Facebook-ში პროდუქტების მენეჯერის პოსტს იკავებდა. იგი წარმოშობით აიოვას შტატიდანაა (აშშ). სწავლობდა ელექტროტექნიკასა და კომპიუტერულ ინჟინერიას ოლინის კოლეჯში, ხოლო შემდეგ მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი. Facebook-მდე ფრენსისი Google-ში, Pinterest-სა და Yelp-ში მუშაობდა, ხოლო გლობალურ სოციალურ ქსელს 2019 წელს შეუერთდა. მისი თქმით, იგი სამსახურის შემოთავაზებას იმ პირობით დათანხმდა, თუ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობა მიეცემოდა, რაზეც FB-სგან თანხმობა მიიღო და ე.წ. „სამოქალაქო ხელშეუხებლობის" დეპარტამენტის გუნდს მიამაგრეს.

ფრენსისის განცხადებით, Facebook-ის პრობლემები 2018 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც პლატფორმამ ალგორითმები შეცვალა და იმ მომენტიდან სოც.ქსელი ავტომატურად საზღვრავს, თუ რა ტიპის კონტენტი შესთავაზოს მომხმარებელს.

ჰაუგენის თქმით, მისმა უკმაყოფილებამ პიკს მიაღწია, როდესაც Facebook-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, „სამოქალაქო ხელშეუხებლობის" ჯგუფი დროებით დაითხოვეს და დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციაზე მომართული უსაფრთხოების სისტემები გამიზნულად გათიშეს. „იმ მომენტიდან აღარ მჯერა, რომ ისინი (Facebook) გულწრფელად იბრძვიან მომხმარებლების უსაფრთხოებისათვის და ინვესტიციას სისტემების გაძლიერებისათვის აბანდებენ", − აცხადებს ფრენსისი.

ჰაუგენმა გადაწყვიტა დაეკოპირებინა Facebook-ის შიდა დოკუმენტაციის დიდი ნაწილი და უპირველეს ყოვლისა არაკომერციული იურიდიული კომპანია Whistleblower Aid-ის დამფუძნებლისთვის გადაეცა. გარდა ამისა, მან დოკუმენტები Wall Street Journal-ს, ამერიკის საკანონმდებლო ორგანოსა და ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას გაუზიარა. ამ თამამი ნაბიჯის შემდეგ, ფრენსისმა მიმდინარე წლის აპრილში სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებით მიმართა ადმინისტრაციას და მაისში დატოვა კიდეც Facebook.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ტექნოლოგიური ტრენდები

ქაბი ლამე - TikTok-ის ''ჩუმი'' მილიონერი

რთული მატერიალური მდგომარეობის გამო ოჯახი 1 წლის ქაბესთან ერთად სენეგალიდან იტალიაში გადასახლდა

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?