📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

მარტივად ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებზე რატომ გახდა საჭირო ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის შექმნა?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

KING 5

„ჩვენ გვიყვარს სიები, იმიტომ, რომ არ გვინდა მოვკვდეთ", − უმბერტო ეკოს ეს ფრაზა ზუსტად აღწერს იმ საზოგადოებრივ წესრიგსა და ინსტიტუციებს, რომელსაც კაცობრიობა დღემდე მიმართავს. სიებისა და ჩანაწერების გარეშე, სადაც ადამიანები, ნივთები, თანხები და სხვა რესურსებია აღწერილი, უამრავი ორგანიზაცია უბრალოდ ვერ იარსებებდა. ეს სიები შესაძლოა ძალიან განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან − საკლასო ჟურნალიდან დაწყებული, მონაცემთა რთული ბაზებით დამთავრებული, თუმცა ყველა მათგანს მნიშვნელოვანი, საერთო ნაკლი აქვს, ჩვენ უბრალოდ უნდა ვენდობოდეთ მათ, ვინც ამ ჩანაწერებსა და ინფორმაციას მართავს.

წამით წარმოვიდგინოთ პარალელური რეალობა, სადაც სიებმა, მონაცემებმა, რეესტრებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და ისინი თავად ემსახურებიან საკუთარ თავს. სწორედ ესაა ის რეალობა, რომელსაც ბლოკჩეინ-ტექნოლოგია გვპირდება.

გვინდა ეს თუ არა, საყოველთაო „გაჯეტიზაციის" ეპოქა ნელ-ნელა თავის კულმინაციას აღწევს. ინტერნეტი თითქმის ყველგან და ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება. პრაქტიკულად, ნებისმიერი გამვლელის ხელში შეამჩნევთ სმარტფონს, რაც ციფრულ სამყაროში შესაღწევად, ერთგვარი მაგიური პორტალია. დღითი დღე ვიძირებით ვირტუალურ რეალობაში და ციფრული ერის შენების შემადგენელ კომპონენტებად ვიქცევით. არც ქართველი ინტერნეტმომხმარებელია გამონაკლისი და რადგან ჩვენს ცხოვრებაში გაციფრულება ასე „დაუკითხავად" იჭრება, ვეცადოთ გავერკვეთ, რა არის ბლოკჩეინ-ტექნოლოგია, კრიპტოვალუტები, და რა სარგებელს მოგვიტანს ეს ყველაფერი მომავალში.

რატომ გახდა საჭირო ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის შექმნა? − დავიწყოთ პრობლემით. ვინაიდან ჩვენ ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ, ნებისმიერს, თითების მარტივი მოძრაობით, შეუძლია რაიმე დაპოსტოს, მოძებნოს და ატვირთოს; წამებში ჩაატაროს კვლევა და მიიღოს ამომწურავი პასუხი კითხვებზე; განავითაროს „შეთქმულების თეორიები", გაავრცელოს ყალბი სიახლეები (Fake News) და ა.შ.

ინტერნეტი მხიარული და სასარგებლოა, თუმცა − არასანდო. ამ სივრცეში შესაძლებელია ინფორმაციის მისაკუთრება, გატეხვა, ჩასწორება და თითქოს, როცა სოც. ქსელში რაიმე ინფორმაციას განათავსებ და დარწმუნებული ხარ, რომ შენ გეკუთვნის, ეს ასე სულაც არაა. ეს კონტენტი მარტივად შეიძლება მოიპარონ, თან ისე, რომ ვეღარავინ მიხვდება, ვინაა ორიგინალური პოსტის ავტორი. კიბერდანაშაულისგან დაცული არავინაა და ბუნებრივია, ეს პრობლემა გვიკარგავს სურვილს, მნიშვნელოვანი და ფასეული ფაილები ვირტუალურ სივრცეში შევინახოთ. სწორედ ამიტომ, შეიქმნა ბლოკჩეინი − დეცენტრალიზებული, გადანაწილებული, არავის საკუთრებაში მყოფი, დაშიფრული და ინფორმაციის საიმედოდ შენახვის ტექნოლოგია.

ბლოკჩეინი საკმაოდ რთული სისტემაა, თუმცა ვეცადოთ გავამარტივოთ. ესაა ჩანაწერების ერთგვარი რეესტრი, რომელიც ერთმანეთთან ჯაჭვურად გადაბმული „ბლოკებისგან" შედგება, საიდანაც მომდინარეობს სახელი − „ბლოკჩეინი", ანუ „ბლოკების ჯაჭვი". თითოეული ბლოკი შეიცავს: რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას, მაგალითად, ბიტკოინების ბლოკი მოიცავს ფინანსური ტრანზაქციის დროს, გამგზავნს, მიმღებს და მონეტების ოდენობას; ბლოკის უნიკალურ სახელს, ანუ ჰეშს და ჯაჭვში არსებული წინა ბლოკის ჰეშს. ჰეში არის უნიკალური, მრავალი სიმბოლოსაგან შემდგარი კოდი, რომელიც ბლოკს შექმნის მომენტში ენიჭება.

რატომაა ეს სისტემა საიმედო? − ნებისმიერს, ვინც მოინდომებს რომელიღაც ბლოკში რაიმე შესწორება შეიტანოს, მოუწევს ჰეშის შეცვლაც. როგორც აღვნიშნეთ, ჰეში უნიკალურია და მომდევნო ბლოკიც შეიცავს მასზე ინფორმაციას. იმისათვის, რომ სისტემა „გავტეხოთ", მოგვიწევს ბლოკჩეინის ყველა ბლოკში ჰეშის ჩანაცვლება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელი ამოცანაა. გარდა ამისა, ბლოკჩეინს არ ჰყავს ერთი ადმინისტრატორი, რომელიც კურირებს მის დაცულობას. ეს ქსელი უამრავ მოწყობილობაზეა ერთდროულად გაზიარებული და ნებისმიერი ცვლილების შეტანის დროს, საჭიროა ყველა მომხმარებელმა ერთდროულად დააფიქსიროს საკუთარი დასტური, რაც თავის მხრივ, საიმედოობას მეტად ზრდის.

ამრიგად, ბლოკჩეინი ახალი ღირებულების მატარებელი ქსელი გახდა. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ პირველი, რაშიც მისი აქტიურად გამოყენება დაიწყეს, ყველაზე ძვირფასი რესურსი − ფულია. ბლოკჩეინ სისტემის გამართვამ ბიტკოინის დაბადებას ჩაუყარა საფუძველი.

აქ ჩნდება კანონზომიერი შეკითხვა − არის თუ არა კრიპტოვალუტა ფული? თუმცა ვიდრე ამ შეკითხვას გავცემდეთ პასუხს, მოკლედ განვმარტოთ, რა არის ფული დღეს.

თანამედროვე სამყაროში ფულის ყველაზე გავრცელებული სახეობაა ფიატ-ფული. პრაქტიკულად, ნებისმიერი ცნობილი ვალუტა მსოფლიოში, არის გადახდის საშუალება, რომელიც არაფრითაა უზრუნველყოფილი, გამყარებული. თუკი ადრე ფულს ოქროთი, ან სხვა ძვირფასი რესურსებით ამყარებდნენ, დღევანდელი − ნდობაზე დამყარებული სისტემა, ერთადერთ რამეს − ადამიანების რწმენას ეფუძნება, რომ ისინი უპრობლემოდ შეძლებენ ქაღალდის რაიმე ძვირფასში გადაცვლას. მოკლედ რომ ვთქვათ, ფულის ფასი განპირობებულია სახელმწიფოს, ეკონომიკის, ინსტიტუტებისა და საზოგადოების მიმართ ადამიანთა ნდობით. თუმცა, ფინანსურ ბაზარზე ასე თავისუფლადაც არაა საქმე. ფულის ღირებულებას სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკები აკონტროლებენ. ისინი პასუხისმგებლობას იღებენ ემისიაზე, ანუ ფულის მასის ზრდაზე (ბეჭდვაზე) და საპროცენტო განაკვეთზე, რომლითაც თავიანთ დაბეჭდილ ფულს კომერციულ ბანკებს სთავაზობენ. დამეთანხმებით, სქემა საკმაოდ რთული და მრავალუცნობიანია. განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკა იშვიათადაა დახურული და ქვეყნებს ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობები ახასიათებთ, რაც ჩვენს ფულად ერთეულებზე დამატებით გავლენას ახდენს.

ტრადიციული ფულის ალტერნატივად, 2009 წელს შეიქმნა ბიტკოინი − ბლოკჩეინის სისტემაზე დაფუძნებული კრიპტოვალუტა. იგი იმავე რწმენასა და ნდობას ემყარება, რასაც ფიატ-ფული, თუმცა მის ღირებულებას არ განსაზღვრავს კონკრეტული ქვეყნის ეროვნული ბანკის პოლიტიკა, ხოლო ემისიის წესები ყველასთვის გამჭვირვალე და გასაგებია − რაც მეტია მოთხოვნა, მით მეტია ფასიც.

ვინაიდან 21-ე საუკუნეში სახელმწიფო ინსტიტუტებს მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი უცხადებს უნდობლობას, ხალხი გაურბის ტრადიციულ ერთეულებს და ყიდულობს კრიპტოვალუტებს. ასევე, ტრადიციული ფულისგან განსხვავებით, ციფრული ვალუტა საგადახდო სისტემაცაა, როგორც Visa და MasterCard, ამიტომ გადარიცხვის დროს შუამავლები აღარ გვჭირდება და პირდაპირ, ერთი ანგარიშიდან მეორეზე შეგვიძლია სასურველი რაოდენობის მონეტების გადარიცხვა. ეს ბევრად მარტივია, ვიდრე მოძველებული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა, რომელიც, გარდა იმისა, რომ დიდ დროს მოითხოვს, საკომისიოსა და მომსახურების საფასურს გვართმევს.

არის თუ არა კრიპტოვალუტა ფული? − თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიახ, არის, მაგრამ მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც კანონი არ კრძალავს სავაჭრო ურთიერთობებში ციფრული ფულის გამოყენებას.

კრიპტოვალუტის ემისია ე.წ. მაინინგით ხორციელდება. ესაა პროცესი, როდესაც მოწყობილობა გარკვეული კრიპტოგრაფიული ამოცანის ამოხსნით, ახალი ბლოკის შექმნით და ქსელში არსებული სხვა მოწყობილობებისთვის მისი გაზიარებით, ჯილდოდ ცოტაოდენ კრიპტოვალუტას იღებს. მაინერები ერთმანეთს ეჯიბრებიან მოწყობილობების სიმძლავრეებში და შესაბამისად, მაინინგის სისწრაფეში, ხოლო ამ პროცესის მიმდინარეობა მთავრობების მიერ ვერ კონტროლდება და დეცენტრალიზებულია.

კიდევ რაში იყენებენ ბლოკჩეინს? − ბლოკჩეინ-ტექნოლოგიით მარტივად შეიძლება გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რისი პრეცედენტებიც მსოფლიოში უკვე არსებობს. ბლოკში შეტანილი ინფორმაციის შეცვლა ან გაყალბება შეუძლებელია, რაც მაქსიმალურად ობიექტური შედეგების მიღებაში დაგვეხმარება.

ასევე, შესაძლებელია ბლოკჩეინ-მიმოწერის წარმოება, რაც უზრუნველყოფს გაზიარებული ინფორმაციის საიმედო დაცულობას. არანაკლებ მნიშვნელოვანია სმარტ-კონტრაქტების არსებობა, რომლებიც ტრადიციული, ნოტარიუსთან დამოწმებული ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების გარეშე, წინასწარ გაწერილი პროგრამული პროტოკოლით, შეთანხმების სამართლიან შესრულებასა და ზედმეტი იურიდიული პრობლემებისგან თავის არიდებას დაეხმარება.

ბლოკჩეინი საშუალებას მოგვცემს საკუთარი YouTube-გვერდის ანალოგიც შევქმნათ, სადაც საკუთარი კონტენტის მონეტიზაციისგან მიღებულ შემოსავალს Google-ის შუამავლობის გარეშე, პირდაპირ თქვენ მიიღებთ.

ცხადია, ამ ტექნოლოგიას კიდევ არაერთგზის მოუწევს საკუთარი საიმედოობისა და მდგრადობის დამტკიცება, თუმცა ერთი რამ ნათელია − ბლოკჩეინი არსებულ წესრიგსა და ტრადიციულ მიდგომებს რადიკალურად შეცვლის.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ტექნოლოგიური ტრენდები

ქაბი ლამე - TikTok-ის ''ჩუმი'' მილიონერი

რთული მატერიალური მდგომარეობის გამო ოჯახი 1 წლის ქაბესთან ერთად სენეგალიდან იტალიაში გადასახლდა

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ