📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Educare Georgia - ხელმისაწვდომი ხარისხიანი განათლება www.charte.ge - ინტერნეტი ყველასთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

2016 წლის სტატისტიკური მონაცემები გლობალურ ქსელში ჩართულობის შესახებ ცხადყოფს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 45%-ს 3 წლის წინ ინტერნეტთან წვდომა ჰქონდა. 2018 წლის ივნისისთვის ეს მონაცემი საგრძნობლად გაიზარდა და რიცხვმა მსოფლიო მოსახლეობის ნახევარს გადააჭარბა − 55,1%. ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი კატასტროფული სისწრაფით იზრდება. 21-ე საუკუნეში ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებას ინფორმაცია წარმოადგენს. ინფორმაციის მიღება, გავრცელება, აღქმა, გაშიფვრა და პრაქტიკაში გამოყენება თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და მნიშვნელოვანი პროცესია.ინტერნეტში წააწყდებით ინფორმაციას ილონ მასკის ერთი შეხედვით უტოპიურ პროექტებზე; მოიძიებთ ჭორებს სახელგანთქმული ჰოლივუდელი მსახიობის ახალი მეგობარი მამაკაცის შესახებ; დაათვალიერებთ ჩრდილო კორეელების ყოველდღიურობის ამსახველ ფოტომასალას; გაეცნობით სამეცნიერო სტატიას სიმსივნის მკურნალობის ახალი, ინოვაციური მეთოდების შესახებ; მიაგნებთ ათასწლეულების განმავლობაში დაგროვილ ცოდნას, რომელიც არა საუკუნოვანი ბიბლიოთეკის მტვრიან თაროზეა მიძინებული, არამედ პირდაპირ თქვენი კომპიუტერის მონიტორზე შეიძლება აღმოჩნდეს.

ყველა ტიპის ინფორმაციას თავისი წონა და ღირებულება აქვს. ინფორმაციათა შორის ყველაზე ფასეული კი ის ცოდნაა, რომელიც ადამიანს ინტელექტუალურ არსებად აყალიბებს.

გიორგი ჯიბლაძე ტელეკომუნიკაციების სფეროში წლების განმავლობაში საქმიანობდა. „კომპანია Silknet-ში ჯერ კიდევ მაშინ ვმუშაობდი, როდესაც ინტერნეტის პენეტრაცია საქართველოში ძალიან დაბალი იყო. ვუყურებდი, რამხელა პოტენციალი ჰქონდა ქვეყნის ინტერნეტიზაციას. ყოველთვის მჯეროდა, რომ ამხელა რესურსის გამოყენება ახალგაზრდების განათლების საქმეში შესაძლებელი იყო", − იხსენებს გიორგი ჯიბლაძე.

ერთ დღეს მან გადაწყვიტა თავისი ინტელექტუალური და ფინანსური რესურსი ახალი პროექტისთვის მოეხმარებინა. დააარსა ფონდი, რომელიც ონლაინკურსების დაფინანსებას უზრუნველყოფდა. იმ პერიოდში ისეთი ამერიკული ვებპლატფორმები, როგორიცაა მაგალითად www.edx.com ახალი ხილი იყო. სწავლას მოწყურებული ადამიანები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ვებგვერდზე გადადიოდნენ, თავიანთთვის საინტერესო კურსს პოულობდნენ და ვიდეოგაკვეთილებს უსმენდნენ, ყოველი მოდულის ბოლოს მცირე ტესტსაც აბარებდნენ. კურსის მოსმენა სრულიად უფასო იყო, თუმცა თუკი მათ სერტიფიკატის მიღება სურდათ, გარკვეული თანხის გადახდა უწევდათ. სწორედ ამ პროცესში ჩაერთო გიორგი ჯიბლაძე, თავისი პროექტით Educare Georgia და არაერთ ახალგაზრდას საკუთარი ინიციატივით სერტიფიკატის ღირებულება დაუფარა.

ამ საქმეს ჩემს პირად დანაზოგს ვახმარდი. შემდეგ მეგობრებიც შემომიერთდნენ. იმ პერიოდში დამიკავშირდა რაზმიკ ბადალიანი, რომელსაც სურდა თანამედროვე ტექნოლოგიები სწავლების პროცესში დაენერგა და მასწავლებლებს უფასოდ ტრენინგებს უტარებდა. ასევე, ნინა ნუცუბიძე". საბოლოო ჯამში, პროექტი ოთხმა ადამიანმა წამოიწყო − გიორგი ჯიბლაძემ, რაზმიკ ბადალიანმა, ნინა ნუცუბიძემ და რუსუდან სტურუამ.

Khan Academy-ს ადვოკატები

ინტერნეტის უზღვავი რესურსის ბავშვების განათლების სასარგებლოდ გამოყენების რამდენიმე ვერსია განიხილებოდა. საბოლოო ჯამში, ყველაზე შრომატევადმა გაიმარჯვა. გუნდმა www.khanacademy.org-ის რესურსის თარგმნა დაიწყო. ეს რაზმიკის დიდი ხნის ოცნება გახლდათ და გუნდში სასკოლო განათლების მნიშვნელობას დიდი ხნის განმავლობაში ადვოკატირებდა.

Khan Academy არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2008 წელს ჩამოყალიბდა. იდეის ავტორი ამერიკელი ანტრეპრენერი და განმანათლებელი, სალმან ხანია. პლატფორმა სკოლის მოსწავლეებისთვის ვიდეოგაკვეთილების მთელ სეტს აერთიანებს. ვებგვერდი, ძირითადად, საბუნებისმეტყველო საგნებზეა ფოკუსირებული. აქ იპოვით მათემატიკის, გეომეტრიის, ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებების სრულფასოვან კურსებს. ასევე, ხელოვნების ისტორიის, ფილოსოფიის თუ სოციალური მეცნიერებების მოდულებს. www.khanacademy.org თითოეულ ვიზიტორს სრულიად უფასოდ სთავაზობს უდიდეს რესურსს, რომელიც ნებისმიერ დროს ნებისმიერი მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი.

„თავიდან ვთქვით, რომ Khan Academy უზარმაზარი მასალა იყო და ვერ მოვერეოდით, თუმცა აზრი მას მერე შევიცვალეთ, რაც თარგმნაში უკვე გამოცდილი ნინა ნუცუბიძე შემოგვიერთდა".

პროექტით მალევე არაერთი ფიზიკური პირი დაინტერესდა. „თემის მნიშვნელობა და მასშტაბურობა 2015 წელს არჩილ გაჩეჩილაძემ (ამჟამად „საქართველოს ბანკის" დირექტორი) და სულხან გვალიამ დაინახეს, რომლებიც, გარდა იმისა, რომ თვითონ ჩაერთნენ დაფინანსებით, რეკომენდაცია გაგვიწიეს სხვა კერძო დონორებთან. დონორების ნახვა ინტერნეტგვერდ EducareGeorgia.org-ზეა შესაძლებელი. ეს არ არის უბრალო ქველმოქმედება, ჩვენ გარემოს ვქმნით. ინტერნეტი ხომ რეალურად გარემოა, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი ინტერესის სფერო იპოვოს". Educare Georgia დაარსების დღიდან სრულიად უცნობი თუ ნაცნობი ადამიანებისა და კომპანიების დონაციის დახმარებით არსებობს. რომ არა ისინი, პროექტი ვერც 2015 წლისთვის შეძლებდა 2000-წუთიანი მასალის თარგმნას და ვერც ბოლო 4 წლის განმავლობაში დაამზადებდა 3300 ვიდეოგაკვეთილს.

„ამ დროისთვის უკვე არსებობს ქართულ ენაზე დამზადებული ვიდეოგაკვეთილები. თარგმნილია 7 მილიონი სიტყვა. საერთოდ ჯამში, ეს არის ჩვენი 4 წლის ნამუშევარი, რომელშიც 40-მდე ადამიანია ჩართული".

Educare Georgia კარგა ხანია Khan Academy-ს ადვოკატი ორგანიზაციაა. საგანმანათლებლო პლატფორმამ პარტნიორი ორგანიზაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეიძინა. ვებსაიტზე უკვე ფუნქციონირებს დომენი www.ka.khanacademy.org მისამართზე გადასვლის შემდეგ შეგიძლიათ Educare Georgia-ის გუნდის მიერ მომზადებული ვიდეოგაკვეთილები ნახოთ, თქვენთვის საინტერესო თემა შეარჩიოთ და სრული კურსი გაიაროთ. საქართველო www.khanacademy.org-ზე კონტენტის რაოდენობით პირველ ხუთეულში შედის. ჩვენთან ერთად მოწინავე პოზიციას საფრანგეთი, პოლონეთი და ესპანეთი ინაწილებს. „ხანის აკადემიის" ქართულ ვერსიას ყოველთვიურად 60 ათასზე მეტი ადამიანი იყენებს.

საერთო ჯამში, პროექტი 30 ენაზე ითარგმნება. მთავარი მიზანი ბავშვებისთვის სრულფასოვანი, ხარისხიანი ცოდნის რესურსის სრულიად უფასოდ, მარტივი ფორმით მიწოდებაა.

www.charte.ge

„ცოდნის შეძენაზე საუბრისას, 3 ბარიერს ვხვდებით: პირველია ენის ცოდნა − სწორედ ამიტომ დავიწყეთ „ხანის აკადემიის" თარგმნა. მეორე − რესურსების გამოყენების არცოდნა. სწორედ ამ მიზნით დავდივართ სკოლებში და მოსწავლეებს ვუხსნით, როგორ გამოიყენონ ინტერნეტში არსებული რესურსები განათლებისთვის. და მესამე − უსახსრობა. მოსწავლეების 18-20%-ს ინტერნეტის გადასახადის გასტუმრების საშუალება არ აქვს. სწორედ ამ უკანასკნელის გამო შეიქმნა პროექტი „ჩართე". პროექტის იდეა რამდენიმე თვეში განხორციელდა.

დაიბადა რა აზრი, რომ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ მოსწავლეებში მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გაეხადათ, მეგობრების − შალვა ბუკიასა და თორნიკე გელაშვილის დახმარებით, პლატფორმა www.charte.ge სრულიად უდანახარჯოდ შექმნეს. ვებსაიტი ჯერ კიდევ ტესტირების პროცესში იყო, როდესაც პროექტის შესახებ უამრავმა ადამიანმა შეიტყო და დაინტერესდა. ავტორები სხვადასხვა სატელევიზიო პროექტში მიიწვიეს.

კონცეფცია მარტივია − პლატფორმა ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას, სოციალურად დაუცველ მოსწავლეს ინტერნეტის გადასახადი გადაუხადოს. ისინი ვებგვერდზე რეგისტრირდებიან, აბამენ საბანკო ბარათს და უთითებენ თანხას, რომელიც ყოველთვიურად ანგარიშიდან იჭრება. თანხა იმ ბავშვების ინტერნეტის გადასახადის დაფარვას ხმარდება, რომელთა ოჯახებიც თავად ვერ ახერხებენ ფინანსების გამოყოფას.

„ასეთი ბავშვების აღმოჩენაში უდიდესი რესურსი და დრო მიდის. ჩვენი საოპერაციო მენეჯერი, მარი გელაშვილი სკოლებს უკავშირდება. მათგან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტეკლასელი მოზარდების სიას ითხოვს, რომელთა ოჯახის ქულა 70 ათასზე ნაკლებს შეადგენს და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა არ გააჩნია. სკოლასთან ვაფორმებთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს , შემდეგ კი ამ ბავშვების ოჯახებს თავად ვუკავშირდებით. საბოლოოდ, ყველა სოფელში ჩავდივართ და თავად ვამოწმებთ მათ მდგომარეობას. მოსწავლეები პროექტში ამის შემდეგ ერთვებიან".

დონორების დახმარებით ინტერნეტი აქვთ ჩოხატაურის რაიონის სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, დევნილთა დასახლებების მცხოვრებლებს წეროვანში, წილკანსა და ფრეზეთში; გორის, ხაშურის, დვანის, მაღალმთიანი რეგიონების, ბორჯომის, ოზურგეთის, ზუგდიდის საზღვრისპირა სოფლების სკოლების მოსწავლეებს. საერთო ჯამში 300-ზე მეტ ბავშვს.

ამ ეტაპზე www.charte.ge-ზე 500-ზე მეტი დონორია რეგისტრირებული. ტენდენცია კი დადებითია − მათი რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. შემოწირულობების დახმარებით, პროექტის ავტორები Chrome Book-ების შეძენასაც ახერხებენ ისეთი მოსწავლეებისთვის, რომელთაც კომპიუტერი ან ლეპტოპი არ გააჩნიათ.

ახალი გამოწვევები

გიორგი ჯიბლაძისა და მისი გუნდის ინიციატივით, ჩაატარეს გაკვეთილი მედიაწიგნიერებაში, რათა მოზარდებისთვის მცდარისა და დასაბუთებული ამბების გარჩევა ესწავლებინათ.

მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, თითოეული ბავშვისთვის სწავლის სურვილის გაძლიერება, ინტერესის სფეროს გაფართოება და სრულფასოვანი განათლების მიღებაში დახმარებაა.

თუმცა, ინტერნეტზე თავისუფალი ხელმისაწვდომობის უარყოფით მხარეზე თვალს არ ხუჭავენ და მკვეთრად გამოხატული პოზიციაც აქვთ. მიაჩნიათ, რომ მათთვის თამაშის შეზღუდვის უფლება არ გააჩნიათ.

„რაც შეგვიძლია ისაა, რომ მოზარდები ჩვენს Facebook-ჯგუფებში დავამატოთ, ვუგზავნოთ სხვადასხვა საინტერესო რესურსი, ინფორმაცია. მაშინ, როცა მოსახლეობის 80%-ს თავისუფლად აქვს თამაშებსა და გასართობ კონტენტზე წვდომა".

Educare Georgia მთავარ გამოწვევად განათლების საკითხში ინგლისური ენის ცოდნას მიიჩნევს. სტატისტიკა საკმაოდ სევდიანია: როგორც ირკვევა, საქართველოში 18 წელს ზემოთ ადამიანთა 65% არცერთ უცხო ენას არ ფლობს. ეს მაშინ, როდესაც ინტერნეტში არსებული საგანმანათლებლო მასალების ყველაზე დიდი, 58% ინგლისურენოვანია, მეორე ადგილზე კი 6%-ით გერმანული რესურსები მოდის. სწორედ ამიტომ, გუნდის მიზანი ინგლისური ენის შესწავლის ადვოკატირება და ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებაა. ამასობაში კი გუნდის საქმიანობის მიმართ ინტერესი იზრდება.

კერძო პირთა დონაციის გარდა www.ka.khanacademy.org-ზე ატვირთულ ქართულ კურსებს სპონსორი კომპანიები აფინანსებენ. დავით ბეჟუაშვილის ფონდმა ფიზიკის კურსის დაფინანსება ითავა, Beeline-მა − პროგრამირების კურსი, Evex-მა კი ბიოლოგია. კომპანია ამ ეტაპზე ქიმიისა და მათემატიკის კურსების სპონსორებს ეძებს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ