📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ლიდერი უნდა იყოს... ლიდერობა სამართლიანობაა. კლანებისა და "კუტოკების" მიუღებლობაა.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

თანდაყოლილი ტალანტებისა და უნარების თეორიას ვაღიარებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამქვეყნად ყველაფრის, ყველაფრის სწავლაა შესაძლებელი, და ლიდერობისაც, მათ შორის. თუმცა მთავარი მაინც არა სწავლის პროცესი ან ღვთივმონიჭებული უნარ-თვისებები, არამედ სურვილი და მისწრაფებაა. სურვილი, რომ არა მართო და დაიმორჩილო ხალხი, არამედ ერთად, გუნდურად აკეთოთ სასარგებლო საქმე.აქ პრაგმატიზმიცაა:

რაგინდ ნიჭიერი და მშრომელი იყო, განა რამდენი უნდა იტვირთო მარტოკაცმა? ადამიანთა ჯგუფს გაცილებით მეტი არ შეუძლია?

ბავშვობაში კაპიტანი ვიყავი. ჩემი უბნის, ჩემი კორპუსის, ჩემი თაობის ფეხბურთის გუნდის კაპიტანი.

მას შემდეგ ხელმძღვანელობა ხშირად მიწევს და გამოცდილებაც, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად მოვიდა. სწორედაც, რომ „მიწევდა". არ შეიძლება ლიდერობა გინდოდეს, ეწაფებოდე და შემდეგ ამით ტკბებოდე. ეს უნდა გიწევდეს. შენი საქმე გიყვარდეს, პასუხისმგებლობის ტვირთს არ უნდა გაურბოდე და ლიდერობაც თავად მოგაკითხავს. კარზე დაგიკაკუნებს ან უკითხავად შემოჯლიგინდება.

ლიდერობა არა რჩეულობა, არამედ ერთობაა და ასე საქმის კეთების სიყვარული.

ლიდერობა სამართლიანობაა. კლანებისა და „კუტოკების" მიუღებლობაა.

ლიდერობა რთული და მტკივნეული (სხვისთვისაც და შენთვისაც) გადაწყვეტილებების მიღების უნარია. ყველა რომ კმაყოფილი დარჩეს, ისეთ გამოსავალზე უარის თქმაა.

ლიდერობა პასუხისმგებლობის მხოლოდ საკუთარ თავზე აღების უნარია. ამავდროულად, პასუხისმგებლობების თანაბრად და სამართლიანად გადანაწილების ხელოვნებაცაა.

ლიდერობა გულწრფელობა, საჯაროობა და გამჭვირვალობაა. ხშირად – ყველაფრის ვერგამხელა, მაგრამ ტყუილებზე კატეგორიული უარია.

ლიდერობა თავმდაბლობა და ილუზიებთან გამუდმებული ბრძოლის ველია. ილუზიებთან, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ ძალიან მაგარი ხარ, რომ არაჩვეულებრივი სიტყვა თქვი, რომ გადასარევი ხარ და შეუცვლელი. აქ თუ ყოველწამიერად არ იბრძოლე, სრულიად მარტომაც კი, აუცილებლად დამარცხდები – საზოგადოებაც და შენი გუნდიც ხშირად ხომ არა შენს, არამედ სწორედ ილუზიების მხარდამხარ იბრძვის.

ლიდერობა საკუთარი შეხედულებებისა თუ გადაწყვეტილებების ახსნის, დასაბუთების, მოსმენის, დათმობის, დარწმუნებისა და თანამოაზრეთა შემოკრების კულტურაა.

ლიდერობა ხმის არაწევის ძალიან რთული სპორტია.

კინაღამ მთავარი გამომრჩა: ლიდერობა ფუნდამენტური პრინციპების ფლობა და მათი არდათმობაა.

ერთსაც დავამატებ: ყოველივე ძალზე ინდივიდუალურია – აქსიომებითა და თეორიებით მეცადინეობა კარგია, მაგრამ ლიდერობის საკუთარი მოდელის გამოძერწვა მაინც ყველას თავად უწევს.

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!